საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად შეიქმნა კალიგრაფიული ხელნაწერები

2011 წელს მსოფლიო მასშტაბით, UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა განახორციელა საერთაშორისო პროექტი.

ვაჟა-ფშაველას პორტრეტი შესრულებული ქეთევან ქავაზაურის მიერ

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ მომზადდა ხელნაწერი წიგნები ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით, ხოლო უცხოელმა კალიგრაფებმა შექმნეს ნამუშევრები ვაჟა-ფშაველას ლექსების და ფრაზების მიხედვით (წარმოდგენილია ქვეყნები: იაპონია, რუსეთი, უკრაინა, იტალია, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, კოლუმბია, პერუ, არგენტინა).

სპეციალურად პროექტის უცხოელი მონაწილეებისათვის, ვაჟა-ფშაველას გამონათქვამები და ლექსების სტროფები ინგლისურ ენაზე თარგმნა შვეიცარიელმა ფილოლოგმა და ქართველოლოგმა - იოლანდა მარშევმა. ასევე, მოგვაწოდა ვაჟა-ფშაველას ლექსების ადრეული, გერმანულენოვანი თარგმანები, ვრცელი ნაშრომი, რომელსაც ქალბატონი იოლანდა წლების განმავლობაში ქმნიდა.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა სხვა თარგმანებიც: რუსულ, უკრაინულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე.

საერთო ჯამში, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის თაოსნობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად 2011 წელს შექმნილია: 14 ხელნაწერი წიგნი ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით (საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრების მიერ) და 24 კალიგრაფიული ნამუშევარი ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით (უცხოელი კალიგრაფების მიერ).

ხელნაწერი პოემების ფორმატად და სტილად აღებულია ლევან ჩაგანავას და ქეთევან ქავაზაურის მიერ, 2009 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი - ვაჟა-ფშაველას პოემა "სტუმარ-მასპინძელი".

ნამუშევრების პირველი გამოგენა გაიმართა ვაჟა-ფშაველას მუზეუმში, სოფელ ჩარგალში,"ვაჟაობის" სახალხო დღესასწაულზე, 2012 წლის 14 ივლისს.

ეს იყო თანამედროვე ქართული და მსოფლიო კალიგრაფიის პირველი გამოფენა საქართველოში, რის გამოც, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა 14 ივლისი თანამედროვე ქართული კალიგრაფიის დღედ გამოაცხადა.

2012 წლის 29 ნოემბერს ექსპოზიციამ გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის კედლებში გამოეთხოვა წუთისოფელს დიდი მწერალი და მოაზროვნე.

ორივე გამოფენის მოწყობის ადგილი შეირჩა, როგორც სიმბოლური მსვლელობა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების გზაზე.

პროექტის მონაწილეები და მათ ნამუშევრები

უცხოელთა ნამუშევრები - ვაჟა-ფშაველას ლექსები და ფრაზები