საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

თანამედროვე კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების სკოლა

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი დაარსების დღიდან ახორციელებს კალიგრაფიით დაინტერესებული, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული პიროვნებების მოძიებას და მათ პროფესიულ გადამზადებას.

კალიგრაფიის ხელოვნების სიღრმისეული სწავლების მხრივ, კალიგრაფთა კავშირის პრიორიტეტში ჯერჯერობით მხოლოდ მისი ახალი წევრები ექცევიან. პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისა და კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის მეშვეობით, დამწყები კალიგრაფები თანდათანობით იძენენ ცოდნას და პროფესიონალებად ყალიბდებიან. შედეგად, ქართული დამწერლობის კულტურა თანამედროვე, მართებულად შესრულებული ხელნაწერებით ივსება.

და მაინც, კალიგრაფიით დაინტერესებულ პირებს, თუ ჯგუფებს სახელმძღვანელოდ წარმოვუდგენთ დარგის ანალიზს და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შემუშავებულ ხედვას სწავლების მიმართულების შესახებ.

როცა თანამედროვე კალიგრაფიის სკოლაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რას ვგეგმავთ, რა არის კალიგრაფიის ხელოვნება დღეს და რა შეიძლება იყოს მისი მომავალი. ამისათვის დავფიქრდეთ და გავიხსენოთ წარსული.

თანამედროვე კალიგრაფიის სკოლა ვერ მიემსგავსება უძველეს სამონასტრო ცენტრებში არსებულთ, თუმცა, აუცილებლად უნდა დაეფუძნოს წინაპართა ტრადიციებს, ყველა იმ დისციპლინების გათვალისწინებით, რაც საუკუნეების მანძილზე ქართული კალიგრაფიის მამოძრავებლად ითვლებოდა.

ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, კალიგრაფის საქმიანობა არ იყო მხოლოდ ლამაზად წერის პროცესი. მათი შემოქმედება ცდება მხატვრულ-დეკორატიულობის მიმართულებას. დეკორატიულობა და ესთეტიკა უბრალოდ მოთხოვნილებაა ადამიანის ყოველგვარი შემოქმედებისა. წინაპართა მიერ შექმნილ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობებშიც კი იშვიათად ვხედავთ ნიმუშებს დეკორატიულობის გარეშე. ადამიანი ყოველთვის ისწრაფოდა სილამაზისკენ და ჩვენს შემთხვევაში კალიგრაფია, ანუ ლამაზად წერა, უნდა გვესმოდეს როგორც ცოდნა და სწორი გაგება დამწერლობისა. აქედან გამომდინარე კი შექმნა ისეთი ნამუშევრისა, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოების განათლებას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს.

დიახ, კალიგრაფთა საქმე პირდაპირ იყო დაკავშირებული საგანმანათლებლო სფეროსთან და პასუხისმგელობის მომენტიც კარგად იკვეთება. ხშირად კალიგრაფები თავად იყვნენ სხვადასხვა ენებიდან წიგნების მთარგმელნი, სხვადასხვა დედნების მომპოვებელნი, შემაჯერებელნი და ახალი რედაქციებისა და კრებულების შემდგენელნი.

არცერთი ქართველი კალიგრაფი შეგნებულად არ დახარჯავდა დროს ასოების უნაკლოდ გამოყვანაში, რადგან დრო ცოტა იყო, წიგნზე მოთხოვნილება კი დიდი. ასო-ნიშნების სილამაზე კალიგრაფის ოსტატობასა და გამოცდილებაზე მეტყველებს და უმეტესად სრულყოფილია. დიდგვაროვნები თავიანთი შთამომავლობის განათლებისათვის უკვეთავდნენ წიგნებს.

განათლებისათვის წიგნი იყო ყველაფერი და მას ზეპირსიტყვიერება ვერ ჩაანაცვლებდა. კალიგრაფს უნდა შეედგინა რედაქცია და ამავე დროს სწრაფად და გარკვევით ეწერა. ცალკეულ შემთხვევებში, სამეფო კარიდან რომელიმე მდიდარი დამკვეთი, უფრო კი თავად მეფე ან დედოფალი, ითხოვდა განსაკუთრებულ მხატვრულობას, მდიდრულ ორნამენტებს და მინიატურებს, მაგრამ შემორჩენილი ხელნაწერები გვაუწყებენ, რომ ამის საშუალება ხშირად არ იყო.

ჩვენამდე მოღწეულ მრავალ ხელნაწერში ვხედავთ კალიგრაფის მინაწერს, სადაც საყვედურობს მომწოდებელს, რადგან მელანი, ეტრატი თუ ქაღალდი უხარისხოა. ამიტომაც ხელი გამიფუჭდაო, ანუ ხელნაწერი ცუდიაო. მოიხსენებენ წიგნის ჩაბარების მოკლე ვადებს და არაგამრჯე მოწაფეებს, რომელთა გამო დიდი შრომა იტვირთეს და სწრაფად წერეს, შენდობას ითხოვენ ცუდი დამწერლობისათვის.

ასეთ ხელნაწერებში, მიუხედავად ასო-ნიშნების არასრულყოფილებისა, ნაშრომები გამოირჩევა კომპოზიციის სისრულით, სტრიქონებისა და ინტერვალების ჰარმონიული განლაგებით და მთლიანად, წიგნის შედგენის ღრმა ცოდნით. ასეთ ნამუშევარს ვერ უწოდებ ულამაზოს. ეს კალიგრაფიის ნამდვილი ხელოვნებაა.

ქართული კალიგრაფიის ჩამოყალიბების პროცესი განუყოფელია წიგნის ხელოვნებისგან. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, სადაც კალიგრაფის მიზანი სწორედ მხატვრულ-დეკორატიულობაა. ესაა სამეფო და დიდგვაროვანთა სიგელ-გუჯარი, რომლის შთამბეჭდავად შესრულება დამკვეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრატეგიას ემსახურება. სინამშვილეში ეს მიმდინარეობა ვერ ახდენს გავლენას ქართული კალიგრაფიული სკოლის ტრადიციებზე, რადგან მხოლოდ ეპოქალური მოვლენაა. მსგავსი ფუფუნება ქართველებს დიდი ხნით არ განუცდიათ.

კალიგრაფია ვითარდებოდა სამოქალაქო მიმართულებითაც. ე.წ. მდივან-მწიგნობრები სამოქალაქო საბუთების შედგენას ემსახურებოდნენ. აქ კი სწრაფი წერაა საჭირო, რაც თანამედროვე მხედრული ანბანის ჩამოყალიბებას და დახვეწას იწვევს.

კალიგრაფის საქმე სარეკლამო-საინფორმაციო დანიშნულებითაც გამოიყენებოდა, თუმცა ამ მოვლენამ საქართველოს სრულად აუარა გვერდი და აზიის, ხოლო მოგვიანებით ევროპის ქვეყნებში განვითარდა.

ამრიგად, მსოფლიო კალიგრაფიის განვითარება ხდებოდა შემდეგი მიმართულებებით:

  • წიგნის ხელოვნების, როგორც საგანმანათლებლო
  • სიგელთა, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური
  • მდივან-მწიგნობრული, როგორ სამოქლაქო-სამართლებრივი
  • სარეკლამო-საიფნორმაციო, როგორც საყოფაცხოვრებო

თუკი ძველი კალიგრაფების საქმიანობის სფეროს თანამედროვე პროფესიებს შევადარებთ ასეთ ჩამონათვალს მივიღებთ: გამოცემის რედაქტორი, გამომცემელი, წიგნის მხატვარ-ილუსტრატორი, დამკაბადონებელი, კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერი, შრიფტების და კომპიუტერული ფონტების შემქმნელი და უბალოდ - მხატვარი-კალიგრაფი! ასეთი პროფესია თანამედროვე მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილია.

ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ თანამედროვე კალიგრაფიაზე და კალიგრაფთა შემოქმედების პერსპექტივებზე. თანაც, გავითვალისწინოთ, რომ კალიგრაფის შემოქმედება ძველად ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი იყო.

დღეისათვის ხელნაწერი წიგნი აღარაა კალიგრაფიის ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი, მაგრამ განვითარებისათვის არსებობს სხვა მიმართულებებიც.

მსოფლიოში წამოიწია მოთხოვნამ კალიგრაფ-დიზაინერთაგან სარეკლამო მომსახურებაზე. ტექნოლოგიებიდან გამომდინარე კალიგრაფები გრაფიკულ დიზაინს ითვისებენ და საკუთარი ხელით ნაწერი ასოების, თუ სიტყვების ციფრულ ვერსიებს ამუშავებენ. ასეთი დიზაინს ვხედავთ საფირმო ლოგოტიპებზე, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელთა სამარკო ნიშნებში თუ გარე რეკლამის სახეობებში. კალიგრაფიული წარწერები ესთეტიკასთან ერთად პრესტიჟს გულისხმობს, რაც დამკვეთი ფირმის მარკეტინგში კარგ შედეგს იძლევა.

კალიგრაფიული წარწერები და ეროვნული ორნამენტები პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებით დღესაც გამოიყენება. საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ამ სტილს მრავალი ქვეყანა წარმატებით იყენებს თვითმყოფადობისა და მკვეთრად გამორჩეული კულტურის დემონსტრირებისათვის.

კალიგრაფიისა და ორნამენტული დეკორის შერწყმა შეიძლება შეგხვდეთ ქვეყნების ოფიციალურ საგარეო მასალებში, ქვეყნისშიდა პატრიოტულ თუ პროპაგანდისტულ გამოცემებში, სახელმწიფო დაწესებულებების უძრავ და მოძრავ ქონებაზეც კი. ასეთ სტრატეგიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ როგორ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, წარმოება, კულტურა, ტურიზმი და სხვ.

ერთეულ მხატვრულ-კალიგრაფიულ ნამუშევრებზე მსოფლიოში მოთხოვნა ისეთივეა, როგორც სახვითი ხელოვნების სხვა ნიმუშებზე. ხატვა ანბანით, ან ანბანური მხატვრობა, ასე იხსენიებენ თანამედროვე დასავლეთში ახალ მიმდინარეობას, რომელიც აზიისათვის უცხო არასოდეს ყოფილა. მაშასადამე კალიგრაფიისათვის კიდევ ერთი არეალი და მომხმარებელი გაჩნდა.

კალიგრაფები საყოფაცხოვრებო სფეროშიც არიან დაკავებულნი. მათ მიერ შესრულებულ წარწერებს სამოქალაქო ღონისძიებებზე, სამახსოვრო სუვენირებზე, სხვადასხვა ნაწარმზე, ჭურჭელზე და კულინარიულ პროდუქტებზეც კი ვხედავთ.

რაც შეეხება ხელნაწერ წიგნს, საიდანაც დაიწყო კალიგრაფიის ხელოვნების ჩამოყალიბება, მასზე მოთხოვნა უმნიშვნელოა. ორიგინალი ძვირფასია, მაგრამ ასეთი წიგნის ასლებს მომხმარებელი ჰყავს. სტამბური თუ არასტამბური გზით ტირაჟირებული ხელნაწერი წიგნი მხატვრულობას და ესთეტურ ღირებულებას ინარჩუნებს, თანაც ხელმისაწვდომია. ასე რომ, ხელნაწერი წიგნები და სხვა კალიგრაფიული გამოცემები კვლავაც განაცვიფრებენ მკითხველს.

წიგნის ხელოვნების შესწავლა თანამედროვე მხატვარ-კალიგრაფს საშუალებას აძლევს იმუშაოს ბეჭდური გამოცემების გაფორმებაზეც, ხოლო გრაფიკული დიზაინის ათვისება, ახალი შრიფტებისა და ფონტების, ახალი ვექტორული ორნამენტების შექმნის და შესაბამისად, საგამომცემლო და სარეკლამო საქმეში წარმატებულად მოღვაწეობის საშუალებას აძლევს მას. ამგვარად ის წინ გაუსწრებს ჩვეულებრივ გრაფიკოს-დიზაინერს, მიიღებს უფრო საპასუხისმგებლო შეკვეთებს და საკუთარი შემოქმედებით გაახალისებს ერთგვაროვან, ზოგჯერ კი უსახურ რეალიებს საგამომცემლო და სარეკლამო სივრცისა.

ამრიგად, თანამედროვე კალიგრაფიის განვითარება ხდება შემდეგი მიმართულებებით:

  • სარეკლამო დიზაინის, როგორც მარკეტინგის შემადგენლის
  • საგამომცემლო, როგორც საგანმანათლებლო, ასევე კომერციული
  • ეროვნული, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური
  • საყოფაცხოვრებო, როგორც სამოქალაქო ყოველდღიურობის
  • მხატვრულ-კალიგრაფიული, როგორც სახვითი ხელოვნების

ჩანს, რომ კალიგრაფიის ხელოვნებას თანამედროვეობაში ადგილი არ დაუკარგავს. პირიქით, მოთხოვნის არე გაფართოვებულა.

კალიგრაფის შემოქმედებაზე დღეს ისეთი მოთხოვნა ჩანს, რომლის წარმოდგენა საუკუნეების მანძილზე არავის შეეძლო. უბრალოდ, საჭიროა წინ გავიხედოთ და არ შემოვიფარგლოთ იმით, რასაც ხელნაწერი წიგნის ეპოქა გვთავაზობს.

ამრიგად, გამოირკვა თანამედროვე კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების სკოლის ფუქნციები. მოსწავლები აქ როგორც იშვიათ, ისე ყველასათვის ცნობილ და მოთხოვნად პროფესიებს უნდა დაეუფლონ.

უძველესი კალიგრაფიული ტრადიციებიდან უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებამდე გზაა გასავლელი. თუკი მოსწავლე შეისწავლის მხოლოდ ლამაზად წერის ხელოვნებას და აღარ აითვისებს გრაფიკულ დიზაინს, მისი სამომავლო მოღვაწეობის სფერო იზღუდება. საჭიროა მუდმივი წინსვლა რომ თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში ახალგაზრდა კალიგრაფებმა სრულფასოვნად იგრძნონ თავი და მოახდინონ საკუთარი შემოქმედებითი უნარების რეალიზაცია.