2014 წლის ივნისიდან ნოემბრამდე საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი მუშაობდა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი წიგნის შექმნაზე.

4-დან 16 დეკემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ გამოფენაზე, კავშირის წევრების სხვა ნამუშევრებთან ერთად პირველად იქნა წარმოდგენილი ნიმუშები "ვეფხისტყაოსნის" უახლესი ხელნაწერიდან.
წიგნი შედგება 400-ზე მეტი გვერდისგან, სადაც თანამედროვე, კლასიკური სტილის კალიგრაფიით შესრულებულ ტექსტთან მონაცვლეობს 120-მდე ორნამენტი.
დედნად აღებულია პავლე ინგოროყვასეული რედაქცია.
გვიანდელი ჩანართებისგან პოემის გაწმენდის შედეგად, მკვლევარი უფრო მეტად დახვეწილ და პოეტურობით გამორჩეულ ტექსტს სთავაზობს მკითხველს.
რედაქციაში აღარ გვხვდება რუსთაველის შეურაცხმყოფელი ინტერპოლაციები, რომლებიც სამწუხაროდ, დღემდე იბეჭდება "ვეფხისტყაოსნის" სხვა გამოცემებში.
2014 წლის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" ქართული მწიგნობრობისა და ზოგადად, ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, როგორც სარედაქციო, ისე მხატვრული ღირებულებით.
იმავდროულად, ესაა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობის კიდევ ერთი სადიდებელი.
ხელნაწერ წიგნზე მუშაობდნენ: ნინო ტაბატაძე, ცირა ბულაშვილი, რუსუდან სუხაშვილი, ლევან ჩაგანავა, ნინო იკაშვილი, აბო ახვლედიანი, ნინო ჩხვიმიანი.
ვეფხისტყაოსანი - 2014












































