საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

2010 - UNESCO-ს ეგიდით მოქმედი კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა

2010 წლის 9-12 სექტემბერს კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს მართლმადიდებლური კულტურის ერთ-ერთი ისტორიული ცენტრი - ქალაქი ნოვგოროდი. თემატიკა - საკრალური, სასულიერო კალიგრაფია.

ქალაქ ნოვგოროდის ისტორია 1200 წელზე მეტს ითვლის. მემატიანე მას 859 წლიდან იხსენიებს. ქალაქი ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობებისათვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით. განსაკუთრებით გერმანელ ვაჭრებს მოუკიდიათ აქ ფეხი და საკუთარი სავაჭრო ეზოც გაუმართავთ.

1030 წელს თავად იაროსლავ ბრძენს ქალაქის ეპისკოპოსის რეზიდენციასთან მწიგნობრობის სკოლა დაუარსებია და ამ დროიდან ნოვგოროდი სამწიგნობრო კერად ყალიბდება. ქალაქის მთავარ ტაძარში ინახებოდა შუასაუკუნების რუსეთის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, შემდგარი 1500-ზე მეტი ხელნაწერი წიგნისგან და დღესაც, ასეთი სიმრავლით არცერთ სხვა რუსულ ქალაქში არ შემორჩენილა X-XVII საუკუნეების არქიტექტურული, სახვითი თუ გამოყენებითი ხელოვნების ძეგლი.

1992 წლიდან ეს ძეგლები, როგორც ნაწილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა, UNESCO-ს დაცვის ქვეშ იმყოფება.

კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს 100-ზე მეტი კალიგრაფი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან.

ცნობილია, რომ არაბეთის, ჩინეთისა და იაპონიის მოსახლეობა კალიგრაფიის საუკუნოვან ტრადიციებს თანამედროვე ყოფაცხოვრებაშიც აქტიურად იყენებს. ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ხელით წერის კულტურა ამ ქვეყნებში მცირე ხნითაც კი არავის მიუვიწყია.

უცნაურია, მაგრამ კალიგრაფიის ხელოვნების ამ მსოფლიო ლიდერთა ფონზე, რუსეთის კულტურულმა ელიტამ რამოდენიმე წლის წინ მოახერხა და წამოიწყო ისეთი გრანდიოზული პროექტი, რომელიც უკვე UNESCO-ს ეგიდით მუდმივად მოქმედებს და კალიგრაფიის ერთადერთ, საერთაშორისო გამოფენადაა ცნობილი.

თავდაპირველად, ჩვენი ყურდაღება მიიპყრო 2009 წლის კალიგრაფიის II საერთაშორისო გამოფენამ, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა ერების სასულიერო ლიდერების, მათ შორის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.

იმავე წლიდან, საერთაშორისო გამოფენის ვებ-საიტზე გახსნილი პერსონალური გვერდების საშუალებით მსოფლიო ეცნობა თანამედროვე ქართულ კალიგრაფიას, მაგრამ ხელნაწერთა ორიგინალებს გამოფენის სტუმრები წელს პირველად ხედავენ.

ქართული დამწერლობა, რომელიც ერთ-ერთი თოთხმეტთაგანია მსოფლიოში არსებულთა შორის, კალიგრაფიის ხელოვნებით გამშვენებული, დღეიდან მთელი სიდიადით წარსდგა კულტურული ერებისა და პროგრესული კაცობრიობის წინაშე.

კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის გარდა ორიგინალებისა, მომზადდა და გადაიგზავნა: კალიგრაფთა მიერ დაწერილი სტატიები, ნამუშევართა მკაცრი აღწერილობა, ფოტო და ტექსტური მასალა ვებ-საიტისათვის, მაღალხარისხიანი ფოტოები კატალოგის ბეჭდური გამოცემისათვის, წერის პროცესის ამსახველი ვიდეო-მასალები თანამედროვე მსოფლიო კალიგრაფთა ერთობლივი დოკუმენტური ფილმისათვის.

ასე რომ, თანამედროვე ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას დამკვირვებელი გაეცნობა არა მარტო გამოფენაზე დასწრებით, არამედ პროექტის ვებ-საიტის, პოლიგრაფიული კატალოგისა და დოკუმენტური ფილმის საშუალებით.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირს პატივი აქვს გახაროთ, რომ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, ქართული კალიგრაფიის ხელოვნება აღორძინებულია და ისევ დგას ჩვენი ღვთაებრივი ენისა და დამწერლობის სამსახურში.

გუნდნი ზეცისანი

ჩვენთან გამოგზავნილი ოფიციალური მიწვევა ითვალისწინებდა მსოფლიო კალიგრაფთათვის სპეციალურად გადახალისებულ სასტუმროში მიღება-განთავსებას, ნოვგოროდის ხელნაწერთა საცავებისა და ისტორიული ძეგლების მონახულებას, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასა და სადემონსტრაციო დარბაზში ქართული კალიგრაფიის მასტერკლასების ჩატარებას.

სამწუხაროდ, გამოფენაზე ჩვენი უშუალო დასწრება ვერ მოხერხდა. რუსეთში გამგზავრების პრობლემებთან ერთად, აღმოვაჩინეთ, რომ ერისა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მამოძრავებლად და ლიდერად აღიარებულმა სუბიექტებმა, ჯერ ვერ გააცნობიერეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართველი კალიგრაფების მონაწილეობის მნიშვნელობა. საფიქრებელია, რომ ისევე როგორც ძველ დროში, კალიგრაფიის, როგორც სამეფო ხელოვნების მფარველებად ქვეყნის უმაღლესი იერარქიის პირებს უნდა მოვიაზრებდეთ. თუმცა, არ გამოვრიცხავთ რომ, შუასაუკუნეების მთავართა და დიდებულთა მსგავსად, თანამედროვე საქართველოშიც მოიძებნებიან საზოგადოების მაღალი ელიტის წარმომადგენლები საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის თავგანწირული და პატრიოტული ღირსებით სავსე ქმედებების მხარდასაჭერად.

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი მარტოობით, მაგრამ ღირსეულად, პირისპირ წარსდგა საერთაშორისო კულტურული საზოგადოების წინაშე. კავშირმა უდიდესი ძალისხმევით მოახერხა მსოფლიოსთვის გაეცნო ქართული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საგანძური.

გამოფენის პროგრამა

9 სექტემბერი 2010.

17.00-19.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის პრეზენტაცია სტუმრებისა და პროექტის მეგობრებისათვის (მხოლოდ მოსაწვევებით).

10 სექტემბერი 2010.

14.00-15.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური გახსნა მთავარ გალერეაში (მხოლოდ მოსაწვევებით).

15.15-18.00 - საკონცერტო პროგრამა ღია ცის ქვეშ.

15.30 - 16.00 - ვეიკსერფინგისა და ვეიკბორდინგის სანახაობა მდინარეზე.

11.00 - 18.00 - გამოფენა: ძველი რუსული ხელნაწერები ნოვგოროდის მუზეუმ-ნაკრძალში.

10.00 - 23.00 - მსოფლიო ერების სამზარეულო რესტორნის ეზოში: რუსული, ებრაული, არაბული, იტალიური, გერმანული.

11 სექტემბერი 2010.

10.00-02.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის მიმდინარეობა, სამუშაო პროცესი, მასტერკლასები, ექსკურსიები.

10.00-18.00 - შეჯიბრი ვეიკბორდინგში და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

11.00 - 18.00 - გამოფენა: ძველი რუსული ხელნაწერები ნოვგოროდის მუზეუმ-ნაკრძალში. სარესტავრაციო მასტერკლასები.

18.00 - 21.00 - პერფომანსი: კალიგრაფიული იმპროვიზაციები ნოვგოროდის მუსიკალური და საცეკვაო ანსამბლების გამოსვლის ფონზე.

10.00 - 23.00 - მსოფლიო ერების სამზარეულო რესტორნის ეზოში: რუსული, ებრაული, არაბული, იტალიური, გერმანული.

12 სექტემბერი 2010.

09.00 - 16..00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის მიმდინარეობა, სამუშაო პროცესი, მასტერკლასები, ექსკურსიები.

11.00 - 18.00 - გამოფენა: ძველი რუსული ხელნაწერები ნოვგოროდის მუზეუმ-ნაკრძალში.

17.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური დახურვა. ნოვგოროდის მუსიკალური და საცეკვაო ანსამბლების კონცერტი.

10.00 - 23.00 - მსოფლიო ერების სამზარეულო რესტორნის ეზოში: რუსული, ებრაული, არაბული, იტალიური, გერმანული.