საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობის ისტორია უძველესი ასომთავრულით, ნუსხურით და თანამედროვე მხედრულით 24 საუკუნეს მოიცავს. ამ ისტორიას ღირსეული, თანამედროვე ფურცლების დამატება ესაჭიროება.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი დაარსებულია 2010 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კალიგრაფიის ხელოვნების განვითარებას საქართველოში.

საწესდებო მიზნების განხორციელებისათვის კავშირი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამყარებს სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კავშირის პრიორიტეტულ გეგმაშია:

  • სახვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით, რეალური პროდუქციის შექმნით და საზოგადოების წინაშე დემონსტრირებით, მოახდინოს კალიგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის პოპულარიზაცია და თანამედროვეობაში აღორძინება-დამკვიდრება.
  • განახორციელოს კავშირის წევრთა პროფესიული გადამზადება ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის მიზნით.
  • იზრუნოს მისი წევრების შემოქმედების პროპაგანდაზე, მათი პროფესიული უნარების რეალიზაციისათვის.

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრები შეიძლება გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, ემიგრანტები და უცხოელი შემოქმედი ადამიანები, რომლებიც იზიარებენ კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და სურთ მონაწილეობა მიიღონ მათ განხორციელებაში.

კალიგრაფიის ხელოვნება

სიტყვა კალიგრაფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც ლამაზად წერა. ჩვენს დროში კალიგრაფიას ლამაზად წერის ხელოვნებას უწოდებენ.

Pater Noster - calligrapher Levan Chaganava

ეპიგრაფული წარწერებისგან განსხვავებით, ხელნაწერი წიგნები სრულად წარმოგვიჩენენ ანბანისა და დამწერლობის განვითარების ეტაპებს. ფაქტია, რომ კალიგრაფიის ხელოვნება დაიხვეწა და განვითარდა წიგნის ხელოვნებასთან ერთად. მაგრამ გავარკვიოთ, თუ ვინ იყვნენ კალიგრაფები, რა საქმიანობას ეწეოდნენ და რა მოთხოვნების შესაბამისად ხვეწდნენ საკუთარ ოსტატობას.

უძველესი ხელნაწერებიდან ვგებულობთ, რომ კალიგრაფები ტექსტების მხოლოდ გადამწერები არ ყოფილან. რამოდენიმე დედანის მოძიების, შესწავლის და რედაქტირების შემდეგ, ისინი თავად ადგენდნენ წიგნის მასალას. მწიგნობარ-კალიგრაფები ქმნიდნენ კრებულებს, განსაზღვრავდნენ ფორმატს და მასზე ტექსტისა და მხატვრობის განლაგების პრინციპებს. ანაწილებდნენ გადამწერისა და მხატვრის შრომას, რომ წიგნი მოკლე ვადებში გასრულებულიყო და ჩაბარებოდა დამკვეთს.

მაშასადამე, ძველ დროში კალიგრაფი ფლობდა ისეთ დისციპლინებს, რომლებიც თანამედროვეობაში რედაქტორის, გამომცემლის, მხატვრისა და კომპიუტერული დიზაინერის პროფესიებადაა ცნობილი. შესაბამისად, კალიგრაფთა ოსტატობის მაჩვენებლები იყო:

1. გააზრებული და გონივრული მიდგომა შესასრულებელი სამუშაოსადმი, რაც შრომის სწორად დაგეგმვასა და გამართული, გამომსახველობითი და ესთეტური ნამუშევრის მიღებას გულისხმობდა.

2. საწერ ფორმატზე ტექსტისა და მოხატულობის მოხდენილი განაწილება.

3. კარის, თავთა, სათაურებისა და აბზაცების გამოყოფა მასალის მარტივი აღქმისათვის.

4. ტექსტის სისწორე (კორექტულობა).

5. ტექსტის კითხვადობა.

6. შრიფტის პროპორციების და ზომების დაცვა მთელი ტექსტში.

7. ასო-ნიშნების მოხაზულობის დახვეწილობა და მრუდების სიზუსტე.

8. სამუშაოს შესრულება მოკლე ვადაში და ამრიგად - სწრაფი წერა.

კალიგრაფია ითარგმნება როგორც - ლამაზად წერა, მაგრამ წერის სილამაზეში სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იგულისხმება. როცა ნამუშევარში ეს მაჩვენებლები ამოიკითხება, ხელნაწერი დახვეწილთან ერთად, დეკორატიულ სახესაც იძენს.

დეკორატიული ელემენტების სიჭარბე კალიგრაფის ოსტატობაზე არ მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში, ამგვარად შესრულებული ხელნაწერი ცუდად იკითხება და დიდი ზომის ტექსტის, მითუმეტეს წიგნის შექმნისთვის არ გამოდგება. ეს უფრო, ეპიგრაფულ წარწერებს გვაგონებს, ვიდრე კალიგრაფიის ტრადიციულ სკოლას. მხატვრულობა გამართლებულია წიგნის თავებში და სათაურებში, მაშინ როცა ადვილად წასაკითხი კალიგრაფიული ხელნაწერით სრულდება ტექსტის ძირითადი ნაწილი.