ხელნაწერი წიგნებიკალიგრაფიული ნამუშევრებიკონკურსი: "ქართული კალიგრაფია" - 2011
კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 2010
|
UNESCO-ს ეგიდით მოქმედი კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენა - 20102010 წლის 9-12 სექტემბერს კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს მართლმადიდებლური კულტურის ერთ-ერთი ისტორიული ცენტრი - ქალაქი ნოვგოროდი. თემატიკა - საკრალური, სასულიერო კალიგრაფია.ქალაქ ნოვგოროდის ისტორია 1200 წელზე მეტს ითვლის. მემატიანე მას 859 წლიდან იხსენიებს. ქალაქი ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობებისათვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით. განსაკუთრებით გერმანელ ვაჭრებს მოუკიდიათ აქ ფეხი და საკუთარი სავაჭრო ეზოც გაუმართავთ. 1030 წელს თავად იაროსლავ ბრძენს ქალაქის ეპისკოპოსის რეზიდენციასთან მწიგნობრობის სკოლა დაუარსებია და ამ დროიდან ნოვგოროდი სამწიგნობრო კერად ყალიბდება. ქალაქის მთავარ ტაძარში ინახებოდა შუასაუკუნების რუსეთის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, შემდგარი 1500-ზე მეტი ხელნაწერი წიგნისგან და დღესაც, ასეთი სიმრავლით არცერთ სხვა რუსულ ქალაქში არ შემორჩენილა X-XVII საუკუნეების არქიტექტურული, სახვითი თუ გამოყენებითი ხელოვნების ძეგლი. 1992 წლიდან ეს ძეგლები, როგორც ნაწილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა, UNESCO-ს დაცვის ქვეშ იმყოფება.
კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს 100-ზე მეტი კალიგრაფი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან. თანამედროვე ქართულ კალიგრაფიას წარმოადგენს კალიგრაფი: ლევან ჩაგანავა. ცნობილია, რომ არაბეთის, ჩინეთისა და იაპონიის მოსახლეობა კალიგრაფიის საუკუნოვან ტრადიციებს თანამედროვე ყოფაცხოვრებაშიც აქტიურად იყენებს. ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ხელით წერის კულტურა ამ ქვეყნებში მცირე ხნითაც კი არავის მიუვიწყია. უცნაურია, მაგრამ კალიგრაფიის ხელოვნების ამ მსოფლიო ლიდერთა ფონზე, რუსეთის კულტურულმა ელიტამ რამოდენიმე წლის წინ მოახერხა და წამოიწყო ისეთი გრანდიოზული პროექტი, რომელიც უკვე UNESCO-ს ეგიდით მუდმივად მოქმედებს და კალიგრაფიის ერთადერთ, საერთაშორისო გამოფენადაა ცნობილი. სანკტ-პეტერბურგის - პირველი, მოსკოვის - მეორე და ნოვგოროდის მესამე საერთაშორისო გამოფენების შემდეგ, მსოფლიო კალიგრაფებს 2011 წლიდან პარიზი (UNESCO-ს შტაბ-ბინა), მომდევნო წლებში კი იერუსალიმი, ნიუ-იორკი და ტოკიო უმასპინძლებენ. თავდაპირველად, ჩვენი ყურდაღება მიიზიდა 2009 წლის კალიგრაფიის II საერთაშორისო გამოფენამ, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა ერების სასულიერო ლიდერების და მათ შორის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. იმავე წლიდან, საერთაშორისო გამოფენის ვებ-საიტზე გახსნილი პერსონალური გვერდების საშუალებით მსოფლიო ეცნობა თანამედროვე ქართულ კალიგრაფიას, მაგრამ ხელნაწერთა ორიგინალებს გამოფენის სტუმრები წელს პირველად ხედავენ.
კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის გარდა ორიგინალებისა, მომზადდა და გადაიგზავნა: კალიგრაფთა მიერ დაწერილი სტატიები, ნამუშევართა მკაცრი აღწერილობა, ფოტო და ტექსტური მასალა ვებ-საიტისათვის, მაღალხარისხიანი ფოტოები კატალოგის პოლიგრაფიული გამოცემისათვის, წერის პროცესის ამსახველი ვიდეო-მასალები თანამედროვე მსოფლიო კალიგრაფთა ერთობლივი დოკუმენტური ფილმისათვის. ასე რომ, თანამედროვე ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას დამკვირვებელი გაეცნობა არა მარტო გამოფენაზე დასწრებით, არამედ პროექტის ვებ-საიტის, პოლიგრაფიული კატალოგისა და დოკუმენტური ფილმის საშუალებით. ქართული დამწერლობა, რომელიც ერთ-ერთი თოთხმეტთაგანია მსოფლიოში არსებულთა შორის, კალიგრაფიის ხელოვნებით გამშვენებული, დღეიდან მთელი სიდიადით წარსდგა კულტურული ერებისა და პროგრესული კაცობრიობის წინაშე. დიახ, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირს პატივი აქვს გახაროთ, რომ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, ქართული კალიგრაფიის ხელოვნება აღორძინებულია და ისევ დგას ჩვენი ღვთაებრივი ენისა და დამწერლობის სამსახურში. ჩვენმა კავშირმა უდიდესი ძალისხმევით მოახერხა მსოფლიოსთვის გაეცნო ქართული კულტურის კიდევ ერთი საგანძური.
დასანანი ამბები: 1. მონაწილეთა რეგისტრაცია და პირველადი დოკუმენტაციის მიწოდება დაიწყო 2010 წლის თებერვალში. 2010 წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირში გაწევრიანდნენ ცნობილი მხატვარი - ოთარ მეგრელიძე და ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული უნიჭიერესი ახალგაზრდა - დავით მაისურაძე, რომელთათვისაც კავშირმა სწრაფად მოამზადა და გადააგზავნა ყველა საჭირო მასალა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის. ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორები დაპირებისამებრ დაუშვებდნენ გამონაკლისს და ვადების დარღვევის მიუხედავად, ლევან ჩაგანავას გარდა, კიდევ ორი ქართველი კალიგრაფის ნამუშევრების გატანას შეეცდებოდნენ წლევანდელ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ მართლაც, თავი არ დაუზოგავთ ტექნიკური სირთულეების დასაძლევად, მაგრამ რუსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მძვინვარე ხანძრებმა აგვისტოს მეორე ნახევარში წერტილი დაუსვეს ამ კეთილ ნებას. და მაინც, სანუგეშო ისაა, რომ ნოვგოროდიდან პარიზამდე (2011) შუალედურ გამოფენებში ქართული ოთხეული იქნება წარმოდგენილი, ხოლო პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში 2011 წლის გამოფენაზე, მეტი ქართველი კალიგრაფის ნამუშევრის ხილვას უნდა ველოდეთ.
სამწუხაროდ, გამოფენაზე ჩვენი უშუალო დასწრება ვერ მოხერხდა. რუსეთში გამგზავრების პრობლემებთან ერთად, აღმოვაჩინეთ, რომ ერისა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მამოძრავებლად და ლიდერად აღიარებულმა სუბიექტებმა, ჯერ ვერ გააცნობიერეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართველი კალიგრაფების მონაწილეობის მნიშვნელობა. საფიქრებელია, რომ ისევე როგორც ძველ დროში, კალიგრაფიის, როგორც სამეფო ხელოვნების მფარველებად ქვეყნის უმაღლესი იერარქიის პირებს უნდა მოვიაზრებდეთ. თუმცა, არ გამოვრიცხავთ რომ, შუასაუკუნეების მთავართა და დიდებულთა მსგავსად, თანამედროვე საქართველოშიც მოიძებნებიან საზოგადოების მაღალი ელიტის წარმომადგენლები საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის თავგანწირული და პატრიოტული ღირსებით სავსე ქმედებების მხარდასაჭერად. საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი მარტოობით, მაგრამ უდიდესი საგანძურით, 2010 წლის შემოდგომაზე პირისპირ დადგა მსოფლიო კულტურის წინაშე.
გამოფენის პროგრამა 9 სექტემბერი 2010. 17.00-19.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის პრეზენტაცია სტუმრებისა და პროექტის მეგობრებისათვის (მხოლოდ მოსაწვევებით). 10 სექტემბერი 2010. 14.00-15.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური გახსნა მთავარ გალერეაში (მხოლოდ მოსაწვევებით). 15.15-18.00 - საკონცერტო პროგრამა ღია ცის ქვეშ. 15.30 - 16.00 - ვეიკსერფინგისა და ვეიკბორდინგის სანახაობა მდინარეზე. 11.00 - 18.00 - გამოფენა: ძველი რუსული ხელნაწერები ნოვგოროდის მუზეუმ-ნაკრძალში. 10.00 - 23.00 - მსოფლიო ერების სამზარეულო რესტორნის ეზოში: რუსული, ებრაული, არაბული, იტალიური, გერმანული. 11 სექტემბერი 2010. 10.00-02.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის მიმდინარეობა, სამუშაო პროცესი, მასტერკლასები, ექსკურსიები. 10.00-18.00 - შეჯიბრი ვეიკბორდინგში და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. 11.00 - 18.00 - გამოფენა: ძველი რუსული ხელნაწერები ნოვგოროდის მუზეუმ-ნაკრძალში. სარესტავრაციო მასტერკლასები. 18.00 - 21.00 - პერფომანსი: კალიგრაფიული იმპროვიზაციები ნოვგოროდის მუსიკალური და საცეკვაო ანსამბლების გამოსვლის ფონზე. 10.00 - 23.00 - მსოფლიო ერების სამზარეულო რესტორნის ეზოში: რუსული, ებრაული, არაბული, იტალიური, გერმანული. 12 სექტემბერი 2010. 09.00 - 16..00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის მიმდინარეობა, სამუშაო პროცესი, მასტერკლასები, ექსკურსიები. 11.00 - 18.00 - გამოფენა: ძველი რუსული ხელნაწერები ნოვგოროდის მუზეუმ-ნაკრძალში. 17.00 - კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური დახურვა. ნოვგოროდის მუსიკალური და საცეკვაო ანსამბლების კონცერტი. 10.00 - 23.00 - მსოფლიო ერების სამზარეულო რესტორნის ეზოში: რუსული, ებრაული, არაბული, იტალიური, გერმანული.
|
ვიდეორეპორტაჟი
კონკურსი 2011
მეორე ტურის რეპორტაჟი
პირველი ტურის რეპორტაჟი
კონკურსი 2010
|