საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობის ისტორია უძველესი ასომთავრულით, ნუსხურით და თანამედროვე მხედრულით 24 საუკუნეს მოიცავს. ამ ისტორიას ღირსეული, თანამედროვე ფურცლების დამატება ესაჭიროება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კალიგრაფიის ხელოვნების განვითარებას საქართველოში.

Pater Noster - calligrapher Levan Chaganavaქართული დამწერლობა ერთერთი თოთხმეტთაგანია მსოფლიოში არსებულ დამწერლობათა შორის. ეპიგრაფული წარწერებისგან განსხვავებით, ხელნაწერი წიგნები სრულად წარმოგვიჩენენ ანბანისა და დამწერლობის განვითარების ეტაპებს. ფაქტია, რომ კალიგრაფიის ხელოვნება დაიხვეწა და განვითარდა წიგნის ხელოვნებასთან ერთად. მაგრამ გავარკვიოთ, თუ ვინ იყვნენ კალიგრაფები, რა საქმიანობას ეწეოდნენ და რა მოთხოვნების შესაბამისად ხვეწდნენ საკუთარ ოსტატობას.

უძველესი ხელნაწერებიდან ვგებულობთ, რომ კალიგრაფები ტექსტების მხოლოდ გადამწერები არ ყოფილან. რამოდენიმე დედანის მოძიების, შესწავლის და რედაქტირების შემდეგ, ისინი თავად ადგენდნენ წიგნის მასალას. მწიგნობარ-კალიგრაფები ქმნიდნენ კრებულებს, განსაზღვრავდნენ ფორმატს და მასზე ტექსტისა და მხატვრობის განლაგების პრინციპებს. ანაწილებდნენ გადამწერისა და მხატვრის შრომას, რომ წიგნი მოკლე ვადებში გასრულებულიყო და ჩაბარებოდა დამკვეთს.

მაშასადამე, ძველ დროში კალიგრაფი ფლობდა ისეთ დისციპლინებს, რომლებიც თანამედროვეობაში რედაქტორის, გამომცემლის, მხატვრისა და კომპიუტერული დიზაინერის პროფესიებადაა ცნობილი. შესაბამისად, კალიგრაფთა ოსტატობის მაჩვენებლები იყო:

1. გააზრებული და გონივრული მიდგომა შესასრულებელი სამუშაოსადმი, რაც შრომის სწორად დაგეგმვასა და გამართული, გამომსახველობითი და ესთეტური ნამუშევრის მიღებას გულისხმობდა.

2. საწერ ფორმატზე ტექსტისა და მოხატულობის მოხდენილი განაწილება.

3. კარის, თავთა, სათაურებისა და აბზაცების გამოყოფა მასალის მარტივი აღქმისათვის.

4. ტექსტის სისწორე (კორექტულობა).

5. ტექსტის კითხვადობა.

6. შრიფტის პროპორციების და ზომების დაცვა მთელი ტექსტში.

7. ასო-ნიშნების მოხაზულობის დახვეწილობა და მრუდების სიზუსტე.

8. სამუშაოს შესრულება მოკლე ვადაში და ამრიგად - სწრაფი წერა.

კალიგრაფია ითარგმნება როგორც - ლამაზად წერა, მაგრამ წერის სილამაზეში სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იგულისხმება. როცა ნამუშევარში ეს მაჩვენებლები ამოიკითხება, ხელნაწერი დახვეწილთან ერთად, დეკორატიულ სახესაც იძენს.

დეკორატიული ელემენტების სიჭარბე კალიგრაფის ოსტატობაზე არ მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში, ამგვარად შესრულებული ხელნაწერი ცუდად იკითხება და დიდი ზომის ტექსტის, მითუმეტეს წიგნის შექმნისთვის არ გამოდგება. ეს უფრო, ეპიგრაფულ წარწერებს გვაგონებს, ვიდრე კალიგრაფიის ტრადიციულ სკოლას. მხატვრულობა გამართლებულია წიგნის თავებში და სათაურებში, მაშინ როცა ადვილად წასაკითხი კალიგრაფიული ხელნაწერით სრულდება ტექსტის ძირითადი ნაწილი.